ქუმსიშვილი: სუბსიდიით ვისარგებლებდი, თუმცა სესხი პრაქტიკულად გავისტუმრე

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა "ერთჯერადი სოციალური აქცია" წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. დოლარიდან ლარში კოვერტაციის ნაწილის ღირებულებას კი 65 მილიონი ლარით მთავრობა დაასუბსიდირებს. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იპოთეკურ სესხზე ამ ინიციატივით ისიც ისარგებლებდა, თუმცა მან 2014 წელს აღებული იპოთეკური სესხის გასტუმრება უკვე პრაქტიკულად დაასრულა.
 
"მე ვისარგებლებდი აღნიშნული სამთავრობო ინიციატივით, მაგრამ სესხი, რომელიც 2014 წელს მაქვს აღებული, ფაქტობრივად უკვე გასტუმრებული მაქვს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
 
მინისტრთა კაბინეტში კიდევ ორი მინისტრია, ვისაც დოლარის სესხების ლარში გადაყვანა შეიძლება შეეხოს.
 
თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ბანკში $39.8 ათასიანი სესხი აქვს. წულუკიანმა სესხი 2013 წლის ივლისში აიღო.
 
სოზარ სუბარი - დევნილთა მინისტრს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქართუ ბანკში $140 ათასიანი სესხი აქვს. სუბარმა სესხი 2013 წლის აპრილში აიღო.
 

სუბარმა განაცხადა - "როგორც ჩვენს ბევრ მოქალაქეს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას."

მოქალაქეები სუბსიდიის სახით მიიღებენ კურსის კონვერტაციის საფაუსრს. მაგალითად თუ გადაყვანის მომენტში დოლარი 2.50 ღირს, სესხის ლარში კონვერტაციისას მთავრობა დაფარავს 20 თეთრს, მოქალაქეს კი გადასახდელი დოლარები კი 2.30-ში დაიანგარიშება.

კომენტარები