თურქეთის ქალაქ ალადაღის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში გუშინ ღამით მომხდარი ხანძრის გამო სამხრეთ თურქეთის ხელისუფლებამ დღეს 6 პირი დააკავა, ერთ-ერთი დაკავებული საერთო საცხოვრებლის მენეჯერია. საერთო საცხოვრებელში მომხდარ ხანძარს 11 მოსწავლე გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ომერ ჯელექი, რომელიც თურქეთის პარლამენტში აღნიშნული პროვინციის წარმომადგენელია, ამბობს, რომ ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები განათლების პოლიტიკას და ამ მხრივ, რეგულაციების სისუსტეს აკრიტიკებენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ საერთო საცხოვრებელს თურქეთის ერთ-ერთი რელიგიური მოძრაობა მართავს. თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკელი ხალხის, წარმომადგენელი ელიფ დოან თურქმენი ამბობს, რომ მას პარლამენტში შეტანილი არაერთი კანონპროექტი ჩაუვარდა, რომელიც გაუმჯობესების მიზნით ასეთი შენობებისთვის თვალყურის დევნების მექანიზმების შემუშავებას გულისხმობდა.
ქალაქის მერი, ჰუსეინ სოზლუ, ამბობს, რომ შენობის საევაკუაციო გასასვლელი დაკეტილი იყო, რასაც მსხვერპლის შენობაში ჩაკეტვა მოყვა. სოზლუს ნათქვამს ვიცეპრემიერი, ვეისი ქაინაქი, ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ საერთო საცხოვრებლის შემოწმება ამ წლის ივნისში მოხდა და საცხოვრებელმა შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა.
ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც უმეტესობა სკოლის მოსწავლე გოგონები იყვნენ.
ხანძარი
თურქეთში, საერთო საცხოვრებელში მომხდარ ხანძარს 11 მოსწავლე ემსხვერპლა

Dogan News Agency




