ონლაინსესხები

ონლაინსესხების გამცემი კომპანიები მიკროსაფინანსოებად გარდაქმნას გეგმავენ

ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მიღება სურთ. საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია მთავრობას მიმართავს, შუამდგმლობა გაუწიოს პროცესის დროში დასაჩქარებლად. ამასთან, ონლაინსესხების გამცემი კომპანიები დადებითად აფასებენ მთავრობის ინიციატივას ონლაინსესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ.

"ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

მიგვაჩნია, რომ მთავრობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების, ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge და mon.ge.

საქართველოში უახლოეს მომავალში ონლაინსესხი, როგორც საკრედიტო პროდუქტი, აღარ იარსებებს, ამის შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ტიპის სესხების აკრძალვა მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კანონის მეშვეობით მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მექანიზმით მოხდება აკრძალვა, თუმცა სავარაუდოდ ის ყველა ტიპის ონლაინსესხს შეეხება.

კომენტარები