ონლაინსესხები

მთავრობა ონლაინსესხების რეგულირების კანონპროექტზე მუშაობს

huffpost.com

6 მაისს პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, ქვეყანაში ონლაინსესხები რეგულირების სფეროში მოექცევა. 

"ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინსესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს", - წერია მთავრობის პრესსამსახურის ოფიციალურ პრესრელიზში.

ონლაინსესხების რეგულირებაში მოქცევის ინიციატივას ეროვნული ბანკიც ეთანხმება. ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 27 აპრილს განაცხადა, რომ ამ ტიპის სესხები "მისახედია".

"ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დღეისთვის ონლაინსესხები ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში არ ხვდება, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ზოგადად ამ ბაზრის რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ სესხის აღებამ არ უნდა გააუარესოს მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებათან. ბალტიის ქვეყნებს აქვთ შედარებით დიდი ხნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად მოხდება იმ ღონისძებათა შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მინზით შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამოირიცხოს. ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზეც დადებითად აისახება", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

ეროვნული ბანკი ქვეყანაში საბანკო ზედამხედველობას ახორციელებს, თუმცა იმის გამო, რომ ონლაინსესხებს არა ბანკები, არამედ სხვა ტიპის ფინანსური დაწესებულებები გასცემენ, კანონის მიხედვით სებ-ს მათი რეგულირება არ ევალება.

კომენტარები