იპოთეკური სესხის გალარების სუბსიდიის მიღებას მინისტრებიც შეძლებენ

ტაბულა

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა "ერთჯერადი სოციალური აქცია" წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. დოლარიდან ლარში კოვერტაციის ნაწილის ღირებულებას კი 65 მილიონი ლარით მთავრობა დაასუბსიდირებს. მინისტრთა კაბინეტის წევრთა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, რამდენიმე მინისტრმა შესაძლოა, ამ სოციალური აქციით ისარგებლოს.

მინისტრები, ვისაც იპოთეკური სესხის ლარში გადაყვანა შესაძლოა შეეხოს:

თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ბანკში $39.8 ათასიანი სესხი აქვს. წულუკიანმა სესხი 2013 წლის ივლისში აიღო, შესაბამისად ის დღეს გაცხადებულ კრიტერიუმებში სავარაუდოდ მოექცევა.

სოზარ სუბარი - დევნილთა მინისტრს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქართუ ბანკში $140 ათასიანი სესხი აქვს. სუბარმა სესხი 2013 წლის აპრილში აიღო, შესაბამისად ის დღეს გაცხადებულ კრიტერიუმებში სავარაუდოდ მოექცევა.

სუბარმა გუშინ განაცხადა - "როგორც ჩვენს ბევრ მოქალაქეს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას."

დიმიტრი ქუმსიშვილი - ფინანსთა მინისტრს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქართუ ბანკში $59 ათასიანი სესხი აქვს. ქუმსიშვილმა სესხი 2014 წლის 29 დეკემბერს აიღო, შესაბამისად ის დღეს გაცხადებულ კრიტერიუმებში სავარაუდოდ მოექცევა.

მოქალაქეები სუბსიდიის სახით მიიღებენ კურსის კონვერტაციის საფაუსრს. მაგალითად თუ გადაყვანის მომენტში დოლარი 2.50 ღირს, სესხის ლარში კონვერტაციისას მთავრობა დაფარავს 20 თეთრს, მოქალაქეს კი გადასახდელი დოლარები კი 2.30-ში დაიანგარიშება. 

 

კომენტარები