ეროვნული ბანკი: 100 ათას ლარამდე დოლარის სესხების აკრძალვა სესხებს არ გააძვირებს

.nbg.gov.ge

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, 100 ათასი ლარამდე დოლარის სესხების აკრძალვა საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ გამოიწვევს. მესტვირიშვილის თქმით, მეტიც ამ ნაბიჯს გრძელვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა მოჰყვეს.

"საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე ზომის სესხები დასაშვები იქნება მხოლოდ ეროვნული ვალუტით. ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, როგორც არ გამოუწვევია საპროცენტო განაკვეთების ზრდა, როდესაც გავზარდეთ სარეზერვო მოთხოვნები ზაფხულში. პირიქით, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანაში გამოიწვევს რისკების და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ზომის მსესხებლისთვის ძალიან ხარჯიანი არის რისკების შეფასება და მართვა. ამ ღონისძიებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილ სესხებში დოლარიზაციის ზრდა, თუმცა მსხვილ კომპანიებს აქვთ გაცილებით მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაცვლითი კურსის და სხვა ფინანსური რისკების ადეკვატური მართვა განახორციელონ", - ამბოსბ არჩილ მესტვირიშვილი.

პრემიერის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, იანვრიდან 100 ათას ლარამდე, შემდგომი პერიოდიდან კი 200 ათას ლარამდე უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების გაცემა აიკრძალება. 

წელსვე დედოლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში ეროვნულმა ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შეცვალა. კერძოდ კი უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების დონე 15%-დან 20%-მდე გაიზარდა, ლარში კი მოზიდულ სახსრებზე კი სარეზერვო მოთხოვნები 10%-დან 7%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი, ლარში ნომინირებული სესხების მიმზიდველობის ზრდას ისახავდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლართან შედარებით დაბალია და ის საშუალოდ - 9.8%-ია, ლარში კი სესხის საპროცენტო განაკვეთი 18%-ია, ამის მიზეზი ისაა, რომ ანაბრების 2/3 უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, შესაბამისად, ბანკებს დოლარში უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარში. იმ პირობებში, როდესაც ხელოვნურად აიკრძალება დოლარში სესხების გაცემა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ლარის სესხები გაძვირდეს.

 

კომენტარები