კალაძე: მოსაზრება გვაქვს, მოვახერხოთ დოლარის სესხების ლარში გადაყვანა

facebook.com/kakhakaladzeofficial

ლარი დღეს ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ერთი დოლარი 2.508 ლარი ღირს. დღესვე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობაში არსებობს მოსაზრება, რომ დოლარში გაცემული სესხების "ლარში გადაყვანა მოხერხდეს".

"ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის ზუსტად დოლარის გამყარება ლართან მიმართებაში, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კრედიტები ბანკებიდან დოლარში აქვს გამოტანილი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება იმის, რომ მოვახერხოთ ამ კრედიტების ლარში გადაყვანა, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება გარკვეული შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ", - ამბობს კალაძე.

რაზეც კალაძე საუბრობდა, სავარაუდოდ, დედოლარიზაციის საბაზრო რეგულაციებია, რომლებზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ცვლილებებს უახლოეს მომავალში წარადგენს.

"დედოლარიზაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდ ნაბიჯებს ვგეგმავთ, ეროვნულ ბანკთან ერთად, რაზეც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგახსენებთ. ეს იქნება ალბათ ორი ნაწილისგან შემდგარი, ერთი ეს იქნება სოციალური წნეხის მოხსნის მიმართულებით, მეორე კი ის, რომ რაც შეიძლება მეტი კრედიტი იყოს გაცემული ლარში", - ამბობს ქუმსიშვილი.

წინასწარ უცნობია, თუ რა პროგრამაზეა საუბარი, თუმცა ის სავარაუდოდ ბანკებისთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც დოლარში სესხების გაცემას გარკვეულწილად შეზღუდავს. ბანკებს უფრო მეტი რესურსი დოლარში აქვთ, ამის მიზეზი დეპოზიტებში დოლარის მაღალი წილია, შესაბამისად, მათ უფრო იაფად შეუძლიათ დოლარის სესხის გაცემა, ვიდრე ლარის სესხის. იმ პირობებში, თუ ხელოვნურად გაიზრდება მოთხოვნა ლარის სესხზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდოს. 

კომენტარები