საქართველოს პარლამენტი

აბესაძე: ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატი ენმ-იდან მე ვიქნები

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე იქნება - აბესაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ენმ ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგება.

"იმისთვის, რომ ნდობის ჯგუფში გამწესდეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, აუცილებელია მან გაიაროს სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ, რომელსაც სპეციალური სამსახურები აწარმოებენ. ასევე ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, იქნება თუ არა ნდობის ჯგუფში ემზარ კვიციანი და თვლიან თუ არა ისინი, რომ შესაძლებელია მას ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოს შესყიდვებთან თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. ნაციონალური მოძრაობიდან წევრობის კანდიდატი მე ვიქნები", - ამბობს აბესაძე.

კვიციანი საქართველოში 2006 წლიდან იძებნებოდა. მას ბრალი სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობისთვის წაუყენეს. ის 2006 წლიდან თავს რუსეთის ფედერაციას აფარებდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. სამართალდამცავებმა კვიციანი 2014 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, თუმცა 2015 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები