სტიქია იაპონიაში

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, მოსალოდნელია ძლიერი ცუნამი

Reuters

დაახლოებით ერთი საათის წინ, იაპონიაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ფუკუშიმას პრეფექტურის სანაპიროებთან 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსალოდნელია ცუნამი, რომლის სიმაღლეც, სავარაუდოდ, 3 მეტრამდე იქნება.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 37 კილომეტრში, წყნარ ოკეანეში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, რყევები იგრძნობოდა ტოკიოშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოაცხადა და რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, მოერიდონ სანაპიროებს, გაჩერდნენ მაღალი შენობების ზედა სართულებზე და დაელოდონ მომდევნო რეკომენდაციებს.

ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები