საქართველოს პარლამენტი

ბაქრაძე მრეწველთა ფრაქციაზე: ეს არის მკაფიო პოლიტიკური გარიგება

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების შექმნას მკაფიო პოლიტიკურ გარიგებად აფასებს. ცნობისთვის, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პარტია მრეწველებს მხოლოდ ერთი დეპუტატი - სიმონ ნოზაძე ჰყავთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მრეწველების ექვსკაციანი ფრაქცია მაინც დარეგისტრირდა. დარჩენილ ხუთ ადგილს ქართული ოცნების დეპუტატები იკავებენ.

"სამართლებრივი დარღვევა არ არის, ყველაფერი გაკეთებულია პროცედურის დაცვით, მაგრამ ცალკე კითხვაა - როგორ მოხდა ისე, რომ ერთმა ადამიანმა პარლამენტში შექმნა ფრაქცია. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ყველაფერი არის ძალიან მკაფიო გეგმის ნაწილი. სურთ, რომ ფრაქცია მრეწველები შეიქმნას პარლამენტში, ამის შედეგად კი, პარტია მრეწველებს საარჩევნო კომისიებში შეუნარჩუნდეს ადგილი თავისუფალი დემოკრატების ნაცვლად. ეს არის პოლიტიკური გარიგება ქართულ ოცნებას და მრეწველებს შორის. ველოდებით, რომ ის კვოტა, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს მრეწველების მხრიდან საარჩევნო კომისიებში, იქნება მთლიანად გამოყენებული ქართული ოცნების და მათდამი ლოიალური ადმინისტრაციის დანიშვნის გზით, სწორედ ეს არის პრობლემა - მკაფიო პოლიტიკური გარიგება ორ პოლიტიკურ ძალას შორის. საპროცედურო ან სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ძალიან კითხვის ნიშანს და მათზე პასუხსაც კი აჩენს, იმდენად ზედაპურზე დევს შეთანხმება, რომ ერთი ადამიანი ქმნის ექვსკაციან ფრაქციას იმ პირობებში, როდესაც მისი პარტიიდან, სხვა არავინ არ იმყოფება პარლამენტში" - ამბობს ბაქრაძე.

თავად ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ნოზაძის თქმით, ის ქართული ოცნებისთვის "უცხო" არ არის. ნოზაძე ახალ თაობასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების შექმნა ლოგიკურია. 

"ისიც უნდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში, როცა კოალიცია ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობდა, ამ საკითხში მრეწველები აქტიურად ვიყავით ჩართულები, ჩვენ შორის წინააღმდეგობა პროგრამებს შორისაც კი არ არის, ამასთან, უცხო არც მე ვარ ქართული ოცნებისთვის" - ამბობს ნოზაძე და აღნიშნავს, რომ ფრაქცია საარჩევნო კომისიაში დამატებითი ადგილისთვის არ შექმნილა.

"მაგრამ ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, თუ ოცნება ცესკოში კიდევ მიიღებს დამატებით ადგილს" - თქვა ხაშურის მაჟორიტარმა.

კომენტარები