უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვას დღეს, 21 ნოემბერს იწყებს. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, განხილვას მხარეები არ დაესწრებიან. სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
პარალელურად, 14:00-ზე, უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.
"დიდი იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლო მიხვდება, რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია დღეს მათ, არა რუსთავი ორის ან რომელიმე ჯგუფის, არამედ, მთლიანად საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე, იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის საკითხის დასრულება ისე, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, მოუტანს ძალიან დიდი ზიანს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", - ამბობს ფრაქციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის" -თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.
საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ. რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.





