ქუმსიშვილი დედოლარიზაციაზე: რეგულაციას არ ვიტყვი, ეს ბიზნესისთვის კარგი სიტყვა არაა

facebook.com/economypr

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ "დედოლარიზაციას" შეზღუდვასა და ახალ რეგულაციას ვერ უწოდებს, რადგანაც ეს სიტყვები "ბიზნესისთვის კარგი არაა." მთავრობა უახლოეს მომავალში საბაზრო ცვლილებების შემოღებას გეგმავს, რომლებიც მიზნად "დედოლარიზაციას" ანუ სესხებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს, მთავრობის განმარტებით ამ ცვლილებებს სავალუტო შოკის მძიმე ეფექტების შერბილება უნდა მოჰყვეს.

რა რეგულაციებზეა საუბარი

საქართველოს მთავრობამ 15 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის შერბილების მიზნით გარკევული საბაზრო რეგულაციების გატარება იგეგმება:

"უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით",- წერია მთავრობის განცხადებაში.

რა იგულისხმება მთავრობის განცხადებაში

ამ დროისთვის უცნობია თუ რა მექანიზმზეა საუბარი, თუმცა სავარაუდოდ ეს სესხების პორტფელში დოლარის წილის შემცირება შეიძლება იყოს, რასაც მრავალი თანმდევი ეფექტი, მათ შორის, ახალი სესხების აღების გართულება, ახალი სესხების რაოდენობის ზრდის შემცირება და მიკროსაკრედიტო დაწესებულებებში (ძვირიანი) სესხების რაოდენობის ზრდა შეიძლება მოჰყვეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, კურსის გამყარებისთვის დაწესებული რეგულაციები ეკონომიკურ ზრდასაც შეამცირებს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ოქტომბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 16.5 მილიარდი ლარია, აქედან სესხების მხოლოდ 36.5%-ია ლარში ნომინირებული.

რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დედოლარიზაციის მისაღწევად მთავრობამ ათპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ლარის სესხების მოცულობის ზრდა უნდა მოხდეს.

"ათზე მეტი პუნქტია გაწერილი რეალურად სამოქმედო გეგმაში, ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირებისთვის. ჩვენ მოქალაქეებს დღეს რაც ყველაზე მეტად აწუხებთ, ეს არის ის რომ ყოველთვიურად იმ შემთხვევაში თუ ლარი მერყეობს, მათ არ აქვთ რწმუნება იმისა თუ რამდენი ექნებათ ბანკში გადასახდელი თანხა, ექნებათ მეტი თუ ნაკლები. ჩვენი ამოცანაა რომ აღნიშნული დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის სესხებთან მიმართებაში მოვხსნათ და ამისათვის ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. მე ვამბობ რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, სიტყვა შეზღუდვა ეკონომიკისთვის არ არის კარგი სიტყვა, ამიტომ მე ამ სიტყვას არ ვიტყვი. არც სიტყვა ახალ რეგულაციას არ ვიტყვი",-ამბობს ქუმსიშვილი. 

რა დამოკიდებულება აქვს ცვლილებების მიმართ საბანკო სფეროს

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობა ცვლილებებზე მათთან კოორდინაციაში მუშაობს. გვასალიას თქმით, ცვლილებები უხეში ადმინისტრაციული ხასიათის არ იქნება, რაც მაგალითად დოლარის სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაში მდგომარეობს არ მოიაზრება. 

"დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ საბოლოოდ არ არის ეს ჩამოყალიბებული. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით სახავენ ამ გზებს რომლითაც ხელი უნდა შეუწყონ ფინანსურ და კურსის სტაბილურობას. ბუნებრივია საბანკო სფეროც ჩართულია და ჩვენ ჩვენ ექსპერტულ დასკვნებს ვავწვდით და აქედან გამოიკვეთება ძალიან მალე. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ადმინისტრაციული მეთოდები აქ არ იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, ვერ დაგიდასტურებთ ამას, ჩვენი სადეპოზიტო პორტფელი იმდენად დოლარიზებულია, რომ შემცირება გამოიწვევს იმას, რომ დოლარის დეპოზიტები, ეს ესე ცალსახად ვერ მოხდება, მაშინ რა უნდა უყო იმ სადეპოზიტო პორტფელს, თუ სესხები არ გაიცა შემოსავლები არ იქნება. მე გეუბნებით, რომ ადმინისტრაციული მეთოდებით არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ცვლილება. ყველაფერი დათვალდია, პირველ რიგში საბანკო სექტორია დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანაში იყოს ფინანსური სტაბილურობა",- ამბობს გვასალია.

რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში სესხების გაძვირებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. 
 
"დოლარიზაციის შემცირება ხელოვნურად არასწორია. ეს არის საბაზრო პროცესებში ჩარევა. ადამიანები დოლარს რომ მეტად ენდობიან, ამიტომ იყენებენ ამ ვალუტას, ხოლო მათი იძულება გამოიყენონ ლარი, ზრდის რისკებს, რაც თავისთავად გაზრდის ფასს, ანუ საპროცენტო განაკვეთებს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს ნაკლებ სესხს როგორც რაოდენობრივად, ასევე ირიბად ნიშნავს შიდა ინვესტიციების შემცირებას, რაც უარყოფითად აისახება არამხოლოდ საფინანსო სექტორზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე ეს აჩენს რისკს, რომ გაიზარდოს მოთხოვნა არაინსტიტუტიზებულ ფინანსურ შუამავლებზე, რომლებსაც არ ეხება მსგავსი რეგულაციები",-ამბობს ხორგუაშვილი.

კომენტარები