ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ორი ფრაქცია ეყოლება. ერთს ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ხოლო მეორეს - ელენე ხოშტარია. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი კვლავ დავით ბაქრაძე იქნება, ვიცესპიკერის პოსტზე კი, ენმ სერგი კაპანაძეს წარადგენს.
"გვექნება ორი ფრაქცია, ერთს უხელმძღვანელებს ნიკა მელია, მეორეს ელენე ხოშტარია. ჩვენი პრიორიტეტები იქნება ქვეყანაში არსებული მთავარი პრობლემები, რომელზეც უმრავლესობა არ ილაპარაკებს. ჩვენი ამოცანა იქნება, წარმოვადგინოთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩეველი, არამედ მოსახლეობის უფრო ფართო სპექტრი. ჩვენ ვიქნებით ხმა იმ ადამიანების, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილი ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმცირესობა ქართულ ოცნებას დიდ დისკომფორტს შეუქმნის.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევსულიყავით პარლამენტში და აგვეთვისებინა ის პოლიტიკური არენა, სადაც შეიძლება, აქტიურად ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს, პარალელურად ქუჩისა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რა თქმა უნდა, მომხრე ვიყავი და ვარ, რომ პარლამენტში ვიბრძოლოთ, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის ოლიგარქიული წესწყობილების დამარცხებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი არჩევნების შედეგად მიიღო ეს სამარცხვინო საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ, მათ ძალიან დიდი დისკომფორტი შევუქმნათ", - აღნიშნა მელიამ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ხვალ, 18 ნოემბერს გამართავს. პარლამენტში ქართულ ოცნებას 115 დეპუტატი შეჰყავს, ენმ-ს 27, ხოლო პატრიოტთა ალიანსს - 6. ასევე პარლამენტს ეყოლება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი და მრეწველების წევრი - სიმონ ნოზაძე.





