სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტრო: კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა ღრმავდება

wikimedia.org

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, "კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) თანამშრომლობა ღრმავდება". დღეს მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

"საუბარი შეეხო ახალ პროგრამას, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება და საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს. პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელებს", - აცხადებს სამინისტრო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის თქმით, "სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება".

კომენტარები