კორუფცია

TI: გამოკითხულთა 4%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ქრთამის გადახდა მოუწია

კორუფციის გლობალური ბარომეტრის თანახმად, ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12 % ასახელებს. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა. 
 

2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. TI აღნიშნავს, რომ 2013 წელს ეს მაჩვენებელი 4% იყო.


ფოტო: TI

ანგარიშის თანახმად, მთლიან მოსახლეობაში მათი წილი, ვისაც ბოლო 12 თვის მანძილზე ქრთამის გადახდა მოუწია, საქართველოში 4%-ია.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო გამჭვირვალობამ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა:

  • ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა, რათა მოქალაქეებს უკეთ შეეძლოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი.
  • სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში), რაც გულისხმობს სასამართლოსა და პროკურატურაზე აღამასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირებას, ასევე მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან დათხოვნის გამჭვირვალე და ობიექტური სისტემების შექმნას.
  • მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება.
  • მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება.

საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც ექნება სათანადო უფლებამოსილებები და რესურსები და რომელიც დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

"შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად", - აცხადებს TI.

კომენტარები