ლარის გაუფასურება

ხორგუაშვილი: დედოლარიზაციის რეგულაციები სესხებს გააძვირებს, ზრდას კი შეანელებს

ზვიად ხორგუაშვილი
თეორემა/ტაბულა
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომლებიც "დედოლარიზაციას" ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობის განმარტებით, ამ ღონისძიებებს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ეფექტი არ უნდა ჰქონდეს. თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში სესხების გაძვირებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს. 
 
"დოლარიზაციის შემცირება ხელოვნურად არასწორია. ეს არის საბაზრო პროცესებში ჩარევა. ადამიანები დოლარს რომ მეტად ენდობიან, ამიტომ იყენებენ ამ ვალუტას, ხოლო მათი იძულება გამოიყენონ ლარი, ზრდის რისკებს, რაც თავისთავად გაზრდის ფასს, ანუ საპროცენტო განაკვეთებს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს ნაკლებ სესხს როგორც რაოდენობრივად, ასევე ირიბად ნიშნავს შიდა ინვესტიციების შემცირებას, რაც უარყოფითად აისახება არამხოლოდ საფინანსო სექტორზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე ეს აჩენს რისკს, რომ გაიზარდოს მოთხოვნა არაინსტიტუტიზებულ ფინანსურ შუამავლებზე, რომლებსაც არ ეხება მსგავსი რეგულაციები",-ამბობს ხორგუაშვილი.
 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ოქტომბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 16.5 მილიარდი ლარია, აქედან სესხების მხოლოდ 36.5%-ია ლარში ნომინირებული.
 
მთავრობა დღეს გამოქვეყნებული განცხადებით, განმარტავს, რომ ლარის გაუფასურება რეგიონში არსებულ სავალუტო კრიზსისა და გაზრდილ იმპორტს უკავშირდება. მთავრობა გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად "სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობასაც" ასახელებს. მთავრობა გამოსავლის სახით დედოლარიზაციასა და მომავალ წელს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ასახელებს. 
 
ზვიად ხორგუაშვილის თქმით, მთავრობის არგუმენტი იმპორტის ზრდაზე სიმართლეს ბოლომდე არ შეესაბამება, რადგანაც მართალია რიცხვობრივად იმპორტი გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა გრანტით მიღებულ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს უკავშირდება, ამ წამლების გარეშე კი იმპორტი შემცირებულია. ხორგუაშვილის თქმით, მთავრობა გასული ოთხი წლის მანძილზეც საუბრობდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, თუმცა რეალური შემცირება არასდროს გატარებულა.
 
"მეორე გამოსავალი პრემიერის თქმით არის იმპორტის შეზღუდვა. ეს არის მეჩვიდმეტე საუკუნის მიდგომა, როდესაც მთავრობები მერკანტილისტურ პოლიტიკას ატარებდნენ. იმპორტიც და ექსპორტიც ორივე ვაჭრობაა და თანაბრად ფასეულია. იმპორტის შემცირება ნიშნავს მოსახლეობის გაღარიბებას, ხოლო იმპორტის შეზღუდვა გადასახადების დაწესებით ან გაზრდითაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს გაზრდილ ფასებს უამრავი ტიპის პროდუქციაზე, რაც ვნებს არამხოლოდ ხარისხს, არამედ მძიმედ აწვება მოსახლეობის სრულ უმრავლესობას. 
 
გამოსავალი: მოკლევადიანი თვალსაზრისით საჭიროა, რომ არ იყოს დეფიციტური ხარჯვა. ამან გამოიწვია უმეტეს შემთხვევაში კურსის გაუფასურება, ხოლო გრძელვადიანი გამოსავალი არის ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი დოლარი და კურსი გამყარდეს ან დასტაბილურდეს. ასევე, ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ არა იოლი გამოსავალია თავისუფალი სავალუტო სისტემა, რაც მოსპობს ლარის მონოპოლიას და მოსახლეობის სრული უმრავლესობა არ იზარალებს სავალუტო რისკების გამო", - ამბობს ხორგუაშვილი.
 
 

კომენტარები