ტრამპის საკადრო პოლიტიკა

რა რეაქცია მოყვა ტრამპის პირველ საკადრო გადაწყვეტილებებს

რენსი პრიბუსი და სტივ ბენონი
AFP/Getty Images

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რეინს პრიბუსი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა. მთავარ სტრატეგად და უფროს მრჩევლად კი, წინასაარჩევნო კამპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და Breitbart News-ის თავმჯდომარე სტივ ბენონი დაასახელა.

ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებებს წინააღმდგობრივი შეფასებები მოყვა. რეინს პრიბუსი პარტიის ისთებლიშმენთს წარმოადგენს, ბენონი კი წინააღმდეგობრივი ფიგურაა, პოპულისტურ-ნაციონალისტურ პლატფორმაზე.

"სტივი და რეინსი მაღალკვალიფიციური ლიდერები არიან, რომლებმაც ერთად ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ისტორიულ გამარჯვებამდე მიგვიყვანეს. ახლა კი ორივე თეთრ სახლში მეყოლება და ერთად ვიმუშავებთ, რათა ამერიკა ისევ ძლიერი გავხადოთ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

რეინს პრიბუსს რესპუბლიკურ პარტიასთან დიდი ხნის კავშირები აქვს. პრიბუსმა 2004 წელს რესპუბლიკური პარტიის სახელით ვისკონსინის შტატის სენატში კენჭი იყარა, თუმცა დემოკრატების კანდიდატ რობერტ უირჩთან დამარცხდა. 2007 წელს ის ვისკონსინის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს აირჩიეს. 2009 წელს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მთავარ მრჩეველად დაინიშნა. 2011 წლიდან დღემდე კი, პრიბუსი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 

რესპუბლიკური პარტიის წევრმა, სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის მწვავედ გაკრიტიკებას არ ერიდებოდა, Twitter-ის საშუალებით ტრამპის გადაწყვეტილება მოიწონა.

"მსურს მივულოცო დონალდ ტრამპს, ძალიან კარგი არჩევანის გაკეთება. პრიბუსის თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დანიშვნა იმის ნიშანია, რომ ტრამპი მთავრობის დაკომპლექტებას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება", - წერს გრემი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრიბუსის დანიშვნა ტრამპს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა და სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ურჩიეს.

სტივ ბენონის მთავარ სტრატეგად და უფროს მრჩევლად დანიშვნა კი საკმაოდ კონტროვერსიული გამოდგა, რადგან ის არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. 

ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტის ჯონ უივერმა, რომელიც 2000 და 2008 წლებში ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა, ბოლოს კი ჯონ კეისიჩის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი სტრატეგი იყო, ტრამპის გადაწყვეტილება ბენონის დანიშვნის შესახებ, Twitter-ზე მწვავედ გააკრიტიკა.

"რასისტი, ფაშისტი და რადიკალი მემარჯვენე ბენონის დანიშვნა, ცხადყოფს ოვალური ოფისის არჩეულ გზას. ფხიზლად იყავი ამერიკავ", - წერს უივერი.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ბენონის ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომ ბენონს არ სურდა მათ შვილებს სკოლაში ებრაელ ბავშვებთან ერთად ესწავლათ. ბენონმა ბრალდება უარყო, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააძლიერა ბენონის პერსონის მიმართ ისედაც არსებული კითხვის ნიშნები.  

როგორც Politico აღნიშნავს, ეს ნაბიჯი დონალდ ტრამპის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ თეთრ სახლში დაპირისპირებული ძალაუფლების სტრუქტურას ქმნის და გვაჩვენებს, თუ როგორ აპირებს არჩეული პრეზიდენტი ურთიერთობა ჰქონდეს განსხვავებულ ძალებთან საკუთარ ადმინისტრაციაში - დარჩეს ერთგული იმ პოპულისტურ ბაზასთან, რომელმაც გამარჯვება მოუტანა და ამავდროულად, გააცნოებიეროს მმართველობის რეალობები.

ეს ყველაფერი წარმოდგენას გვიქმნის ტრამპის მმართველობის სტილზე. ტრამპი ცნობილია იმით, რომ ის ყოველთვის უპირისპირებდა ერთმანეთს თავის მთავარ თანაშემწეებს, რასაც ზოგჯერ საკმაოდ ცუდი შედეგები ჰქონდა. Politico იხსენებს, რომ გაზაფხულზე ტრამპის 2 მთავარი თანაშემწე პოლ მენაფორტი და კორი ლევანდოვსკი მწვავე შიდა ომში იყვნენ ჩართულები, რამაც ტრამპის კამპანიის ირგვლივ დაბნეულობა შექმნა.

კომენტარები