აშშ-ის არჩევნები 2016

სტოლტენბერგი: მარტო სიარულის არჩევანი არ აქვს არც ევროპას, არც აშშ-ს

watanzaniaoslo.blogspot.com

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, „მარტო სიარულის" არჩევანი არ აქვს არც ევროპას და არც აშშ-ს.

წერილში, რომელიც The Observer-ში გამოქვეყნდა, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ახლა, როდესაც უსაფრთხოება უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, ევროპისა და აშშ-ს პარტნიორობის ღირებულების ეჭვქვეშ დაყენების დრო არ არის.

„67 წლის მანძილზე ეს პარტნიორობა იყო ევროპის მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი ... ევროპელ ლიდერებს მუდამ ესმოდათ, რომ როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ევროპა მარტო ვერ დარჩება. ამავდროულად, ამერიკელი ლიდერები ყოველთვის აღიარებდნენ, რომ სტაბილური და უსაფრთხო ევროპა მათ ღრმა, სტრატეგიულ ინტერესში იყო", - წერს NATO-ს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით" ამ გაურკვეველ დროში" საჭიროა ამერიკის ძლიერი ხელმძღვანელობა. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპელებმა „სამართლიანად გაიზიარონ ტვირთის საკუთარი წილი".

„მაგრამ ყველაზე მეტად გვიჭირდება ევროპისა და ამერიკის პარტნიორობის სათანადო დაფასება. ის კვლავ შეუცვლელია. ასე რომ, განსხვავებების მეტად გაღრმავების ნაცვლად, უნდა ვზარდოთ ის, რაც გვაერთიანებს. მარტო სვლა არ არის არჩევანი, არც ევროპისთვის, არც ამერიკისთვის", - წერს სტოლტენბერგი.

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კამპანიის დროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოძველებულად მოიხსენიებდა. კამპანიის გარკვეულ ეტაპზე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის წევრი ქვეყნებისთვის დაცვის გარანტიის მოხსნასაც გეგმავდა.

კომენტარები