ენერგეტიკა

ტრამპის არჩევას ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებლის აქციების ვარდნა მოჰყვა

syncomedia.com

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი მილიარდერი დონალდ ტრამპი იქნება. ამ სიახლეს გლობალურ ბაზრებზე შოკის ეფექტი ჰქონდა, რასაც მრავალი ქვეყნის ვალუტების გაუფასურება და ოქროს ფასის ზრდა მოჰყვა. ერთ-ერთი კომპანია, რომლის აქციათა ღირებულებაზეც ტრამპის არჩევამ იმოქმედა, ქარის ტურბინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი დანიური Vestas Wind Systems-ია. კომპანიის აქციათა ღირებულება არჩევნებში გამარჯვებულის გამოცხადებიდან მალევე 14%-ით გაუფასურდა. 

Vestas-ის აქციათა გაუფასურების მიზეზი არის დონალდ ტრამპის მომავალი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც სავარაუდოდ ნაკლებად იქნება ობამას ადმინისტრაციის მსგავსად განახლებადი ენერგიის ხელშეწყობაზე ორიენტირებული. 

Vestas-ის გაყიდვების 40% აშშ-ზე მოდის. იმ პირობებში, თუ მთავრობის პრიორიტეტი აღარ იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარება და სუბსიდიების გამოყოფა, სავარაუდოდ, კომპანიის გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე შემცირდება. 

ენერგეტიკის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young-ი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ დაკარგავს განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი მხარდამჭერის ტიტულს.

კომენტარები