აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016

რომელმა ჯგუფებმა მისცეს დონალდ ტრამპს ხმა

midnightsunak.com

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა თეთრკანიანი ამომრჩევლის ხმების კონსოლიდაცია და უმცირესობებში მოულოდნელად კარგი შედეგის მიღწევა მოახერხა.

ეგზიტპოლების მიხედვით, დონალდ ტრამპმა თეთრკანიან ამომრჩევლებში, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ, რესპუბლიკელ წინამორბედებთან შედარებით მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგი აჩვენა. ისინი კი მთლიანი ელექტორატის, ქალების და კაცებისაც, მესამედს შეადგენენ. მათი 40% კი არჩევნებზე დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად მობილიზდა.  ამით ტრამპმა 2012 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის მით რომნის  25%-იანი შედეგის გაუმჯობესება შეძლო. ამ ამომრჩევლის ნახევარმა საკუთარი გადაწყვეტილება ეკონომიკის მდგომარეობით ახსნა, 14%-მა კი ემიგრაციის პრობლემას დაუკავშირა. სწორედ ამ ხმებმა გადაწყვიტა ტრამპის გამარჯვება პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც 1992 წლიდან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს არ გაუმარჯვია.

ბოლო წლების არჩევნებზე უმაღლესი განათლების მქონე, თეთრკანიანი ამომრჩევლები, როგორც წესი, რესპუბლიკელებს უჭერდნენ მხარს, თუმცა, წელს ჰილარი კლინტონმა მათი ნაწილის მიმხრობა შეძლო, მიუხედავად ამისა, ამ ჯგუფში მაინც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ჰილარი კლინტონს არჩევნებზე მისული ქალების 54%-მა მისცა ხმა, რაც ბარაკ ობამას 2012 წლის შედეგზე 1%-ით ნაკლებია. დონალდ ტრამპს ქალების 42%-მა დაუჭირა მხარი, მიუხედავად იმისა, რომ მათი 70% რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ქალების მიმართ დამოკიდებულებით შეწუხებული იყო.

აფროამერიკელების, აზიური წარმომავლობის ამერიკელებისა და ესპანურენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა, მაგრამ დემოკრატიული პარტიის ამ კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა უფრო დაბალი იყო ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამასთან, ამ ჯგუფებსა და ახალგაზრდებში არჩევნებზე აქტივობა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. კლინტონმა ვერ მოახერხა ობამას 2012 წლის შედეგის გამეორება ვერცერთ ამ ჯგუფში.

კომენტარები