საქართველოს თავდაცვა

კვირიკაშვილი იზორიაზე: რეფორმების განხორციელებაში უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვს

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ასდღიანი საქმიანობა შეაფასა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში "უმაღლესი დონის მხარდაჭერა" გამოუცხადა. ამის შესახებ პრემიერმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

"საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში. უსაფრთხოების კუთხით გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები და ჩვენი სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის", - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის NATO-ს სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს.

ადმინისტრაცისვე ინფორმაციით, პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.

"ამ მიმართულებით მთელი მთავრობის კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ძალოვანი მინისტრების შეცვლა არ იგეგმება.

კომენტარები