თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი: იგეგმება კენგურუების და აფრიკული პინგვინების ჩამოყვანა

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში საფრანგეთიდან ახალი ცხოველები ჩამოდიან. ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს გზავნის. ცხოველები 7 ნოემბერს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. თბილისის ზოოპარკის ცნობით, ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. თბილისის ზოოპარკის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართულნი თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან - ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია", _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად, თბილისის ზოოპარკში დაიხრჩო (ან შემდეგ სპეცრაზმელებმა მოკლეს) ყველა ვეფხვი, იაგუარი, მაიმუნი, თუთიყუში, მელია, შინშილა, მილკბილა. ასევე, ლომების, მგლების, დათვების ნაწილი და სხვ. 

კომენტარები