რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

კარასინი: საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არაა

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა RIA NOVOSTI-სთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა.

"ერთი მხრივ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში [რუსეთსა და საქართველოს შორის] ორხმრივი ურთიერთობების გაჯანსაღება და იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც სააკაშვილის რეჟიმმა შეიყვანა. რუსეთი საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების რიცხვში დაბრუნდა, მოწესრიგდა სატრანსპორტო მიმოსვლა, თანდათანობით ვითარდება ჰუმანიტარული კონტაქტები და კულტურული კავშირები. მიღწეულია გარკვეული რეზულტატები, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებშია", - თქვა კარასინმა.

გრიგორი კარასინის განცხადებით, მიუხედავად ჩიხიდან გამოყვანილი ურთიერთობებისა, საქართველო ჯერჯერობით მზად არაა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად. მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი რუსეთის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკით გამოირჩევა. გრიგორი კარასინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს ხშირად ესაუბრება.

"მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ჯერ კიდევ არაა მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რომელიც მან 2008 წლის სექტემბერში დაარღვია. ოფიციალური თბილისი პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკას მიმართავს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ მიუთითებს პოზიტიურ ტენდენციებზე. მე ამაზე გამუდმებით ვესაუბრები ჩვენი დიალოგის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს", - თქვა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის შეხვედრები არ იგეგმება.

 

კომენტარები