რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსი დეპუტატი: რუსეთი მზადაა კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად

ntv.ru

რუსი დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. მისი თქმით, კომიტეტი მზადაა, საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობა აღადგინოს.

"კომიტეტი მზადაა, საქართველოსთან საპარლამენტო და ზოგადი თანამშრომლობა აღადგინოს. კომიტეტში აუცილებლად იქნება მოსმენა ამის შესახებ, გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და ჩვენს წინადადებას შევთავაზებთ ქართულ მხარეს. დაგვთანხმდებიან თუ არა ისინი, ვნახავთ", - თქვა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვის მტკიცებით, არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, რაც, მისივე თქმით, რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკის ჩაშლაზე მეტყველებს.

"რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა ჩაიშალა. მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის იმედი ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ მთლიანად დაიმსხვრა", - თქვა დეპუტატმა.

კალაშნიკოვის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთთან "კეთილმეზობლური" ურთიერთობების ავტომატურ აღდგენას არ ნიშნავს, მაგრამ მიმდინარეობს კონსულტაციები. მისი მტკიცებით, ქართულ ოცნებას აქვს სტრატეგიული უპირატესობა, რომ ეს ურთიერთობები აღადგინოს.

"მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ავტომატურ აღდგენას. არ ვიცი, ქართული ოცნება აღადგენს თუ არა რუსეთთან ძველ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ჯერჯერობით წინააღმდეგობები არსებობს, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები... დროა, ურთიერთობების აღსადგენად ორმხრივი ქმედებები დაიწყოს. არჩევნების შედეგები ქართულ ოცნებას აძლევს სტრატეგიულ უპირატესობას, რომ ამ სფეროში სიტუაცია დაარეგულიროს", - თქვა კალაშნიკოვმა.

კომენტარები