არჩევნები 2016

აშშ: არჩევნებმა დაადასტურა, რომ დემოკრატიის მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრი სახლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებას ავრცელებს.

თეთრი სახლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების მხრივ რეგიონში ლიდერია.

"აშშ ულოცავს ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რაც ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების მხრივ ლიდერია რეგიონში. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ორივე - 8 ოქტომბრის არჩევნები და 30 ოქტომბრის მეორე ტური პოზიტიურად შეაფასა. მათი თქმით, ეს არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლის უფლებები. პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, როდესაც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ თავშეკავებისკენ, რის გამოც ქართველ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლი, ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით "დაბალანსებული გამოძიება" ჩატარდეს.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და გამოვდივართ მოწოდებით, რომ ჩატარდეს დაბალანსებული გამოძიება კანონის უზენაესობის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლი ამავე განცხადებაში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციისთვის იმუშაოს.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რომ იმუშაონ ერთად ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ველით მუშაობას საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები