რესპუბლიკური პარტია

ებანოიძე რესპუბლიკური პარტიის დატოვებაზე: გამორიცხული არაფერი არ არის

ტაბულა

რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში პარტია დატოვოს. ამის შესახებ მან რუსთავი ორთან საუბარში თქვა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია პარტიიდან თინა ხიდაშელის და ვახტანგ ხმალაძის შესაძლო წასვლაზე.

"პარტია არ დამიტოვებია, ჯერ შეხვედრაც არ გამიკეთებია, პარტიის თავმჯდომარეს უნდა შევხვდე. გამორიცხული არაფერი არ არის. არავისზე არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც ოფიციალურად არის ცნობილი", - ამბობს ებანოიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიიდან წასულმა დავით უსუფაშვილმა საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნას. ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება.

"აი, ამაზეა დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება, რა იქნება პრიორიტეტები, რა ამოცანები გვექნება", - აღნიშნავს რესპუბლიკელი დეპუტატი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, რესპუბლიკურ პარტიას ნოდარ ებანოიძე, თინა ხიდაშელი და ვახტანგ ხმალაძე ტოვებენ. პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით კი, ეს ადამიანები ამ დროისთვის პარტიაში რჩებიან.

"თინა ხიდაშელზე ვერაფერს დაგიდასტურებთ, მას არ გაუკეთებია განცხადება, არც ვახტანგ ხმალაძეზე და ნოდარ ებანოიძეზე გეტყვით კონკრეტულ ინფორმაციას, მათთან, რა თქმა უნდა, მაქვს კონტაქტი, დღევანდელი მდგომარეობით, ისინი რჩებიან პარტიაში", - ამბობს სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები