არჩევნები 2016

TI: აღმოჩენილია 70-მდე მეტნაკლებად სერიოზული, ძირითადად პროცედურული დარღვევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა, საარჩევნო უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და დაიხურა. კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცესი კი, მეტწილად, მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა.

TI აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მთელი დღის განმავლობაში 70-მდე მეტ-ნაკლებად სერიოზული, ძირითადად პროცედურული დარღვევა აღმოაჩინეს.

ორგანიზაციამ ჯამში 11 საჩივარი დაწერა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დარღვევებს ამომრჩევლის ნების ფორმირებასა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნებოდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სამივე დონეზე ძირითადად დამაკმაყოფილებლად იმუშავა. ცესკომ კი მთლიანობაში დროულად უზრუნველყო კენჭისყრის შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება. 

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ მომავალი არჩევნებისთვის რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა - "საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიებზე, რომლებიც ყველა არჩევნებზე გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციით.

საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება. მნიშნვლევანია საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს.

ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციას ნაკლები ხარვეზით წარმართოს პროცესი, ასევე გაამარტივებს ხმის დათვლის პროცედურას.

აუცილებელია ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება მოხდეს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულდ დარღვევებზე, რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღის ისე წინასაარჩევნო პერიოდში.

მნიშნვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად აისახოს მათ მანდატებზე", - წერია განცხადებაში.

კომენტარები