არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლას აპირებს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარნეულის საარჩევნო ოლქში 50-ე უბანზე არჩევნების ჩაშლას გეგმავს. ამის შესახებ კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის ჩაშლა. ამისთვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასე მოქმედება საარჩევნო პროცესში. ასევე, მოუწოდებთ ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, არ დაუშვან ასეთი რამ" - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს კითხვა ენმ-ის წევრის ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც დაუსვეს. კერძოდ, კახიძის თქმით, მარნეულის 50-ე უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას. ასევე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვის არის ხმა მიცემული.

"ეს არის ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ნაცმოძრაობამ საფუძვლის შესამზადებლად, იმიტომ, რომ მათ აქვთ განზრახული ამ უბნის ჩაშლა ხელოვნურად და ამის გამო ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას. რეალურად, უბნის ჩაშლის საფუძველი არ არსებობს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნაცმოძრაობას, თავი შეიკავონ ხელოვნური ჩაშლისგან, ხოლო ჩვენს დამკვირვებლებს - არ დაუშვან ასეთი რამ და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები