არჩევნები 2016

ცესკო: უბნები დროულად გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო
ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. ცესკოს მონაცემებით, ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს.

ქართულ ოცნებას მაჟორიტარი კანდიდატი 49 ოლქში ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 45-ში (თუმცა, როგორც ცნობილია, ზუგდიდის ოლქში სანდრა რულოვსმა კანდიდატურა მოხსნა). 
 

მთაწმინდის #1 ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა რურუას ხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ამ კონკრეტულ ოლქში კანდიდატი ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ წარადგინა.

რაც შეეხება ოლქებს, რომლებშიც ენმ არ მონაწილეობს - ქართული ოცნების კანდიდატს 37-ე ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ხვდება, 41-ე ოლქში ირაკლი ალასანია(მან კანდიდატურა მოხსნა), 43-ე ოლქში მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე, 56-ე ოლქში თავისუფალი დემოკრატებიდან თეიმურაზ გაფრინდაშვილი, ხოლო მე-60 ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხეიძე.

ქართულმა ოცნებამ პირველ ტურში 23 მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ხოლო პროპორციული სიით 44 მანდატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 67 დეპუტატი უკვე ჰყავს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად ქართულ ოცნებას კიდევ მინიმუმ 46 მანდატი სჭირდება.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამ დროისთვის პარლამენტში პროპორციული სიით 27 მანდატი აქვს, პატრიოტთა ალიანსს - 6.

ამასთან, დღეს ასევე გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება; ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები