რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა: მიუღებელია პარტიის სამომავლო ხედვები

David Usupashvili
Tabula

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფასვილმა, რესპუბლიკური პარტია დატოვა, თუმცა, ოპოზიციურ ველზე საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზად, რომლის წევრიც 25 წლის განმავლობაში იყო, პარტიის სხვა ლიდერებისა და მისი სამომავლო ხედვების შეუთავსებლობა დაასახელა.

"მივიღე ადამიანურად მტკივნეული და პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება, რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ. მე ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს არ იქნება რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად საქმიანობა. ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ იმავდროულად, მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები.

ეს ხედვები მიუღებელია, რადგან, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო შემცირდება გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ხოლო არ და ვერ შევეწინააღმდეგები იმიტომ, რომ კვლავაცუდიდეს პატივს ვცემ რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლების სრულიად განსაკუთრებულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათ პრიმატს რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრის საქმეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არ აპირებს რომელიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას და იწყებს კონსულტაციებს ინდივიდუალურ რეჟიმში ცალკეულ პირებთან. კითხვას, დატოვებს თუ არა პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, უსუფაშვილმა ხუმრობით უპასუხა: "თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს მიტოვებას, პარტიაზე რას იზამს, ჯერ არ ვიცი".

კომენტარები