არჩევნები 2016

ქართული ოცნება: სიცრუეა, რომ კანდიდატების განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ვითხოვთ

41.ge

პარტია ქართული ოცნება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოხელეებისგან კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ქართული ოცნება საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების" კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მთაწმინდის ოლქში ენმ-ის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა რურუამ დღეს განაცხადა, რომ გამგეობებმა ბაღის მასწავლებლებს უთხრეს, ბიულეტენში ზურაბიშვილი ოთხკუთხედად შემოხაზონ.

"საბავშვო ბაღის მასწავლებლები დაიბარეს გამგეობაში და უთხრეს, რომ კვირა დღეს, 12 საათამდე მისცენ ხმა სალომე ზურაბიშვილს და ოთხკუთხედად შემოხაზონ საკუთარი ხელმოწერა, რომ შემდგომ მათი იდენტიფიკაცია მოხდეს და ისინი სამსახურიდან არ დაითხოვონ" - თქვა რურუამ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ხვალ, 30 ოქტომბერს, 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

კომენტარები