არჩევნები 2016

ISFED: დაპირისპირება ძირითადად იმ ოლქებში იყო, სადაც ოპოზიცია იმარჯვებდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაპირისპირება ძირითადად იმ ოლქებში იყო, სადაც ოპოზიციის კანდიდატს ჰქონდა უპირატესობა. 

ISFED-ის ცნობით, "ანგარიშში ძირითადად საუბარია პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა/მუქარის და დაშინების შემთხვევებზე, რაც წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობრივ ხასიათს სძენს. აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას".

ორგანიზაციის შეფასებითვე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ნეგატიური ფონი შეუქმნა 8 ოქტომბერს, ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების 3 უბანზე მომხდარი ძალადობრივმა ფაქტებმა.

"სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ" - აცხადებს ISFED.

სამართლიანი არჩევნები მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს 38 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა იმ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, სადაც მეორე ტური დაინიშნა.

კომენტარები