არჩევნები 2016

EPP: პირველ ტურში მომხდარი ინციდენტები, მეორე ტურში არ უნდა განმეორდეს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტია ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს. EPP-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პირველ ტურში მომხდარი ინციდენტები, მეორე ტურში არ უნდა განმეორდეს.

"კვირას ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში მისცეს ხმა. ძალადობას, დაშინებას, დარღვევებს და გაყალბებას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ არჩევნებზე. პირველი ტურის დროს იყო ინფორმაცია გარკვეულ ინციდენტებზე; ეს არ შეიძლება განმეორდეს მეორე ტურშიც. ზეწოლა ოპოზიციის მხარდამჭერებზე და ამომრჩეველზე მიუღებელია; ეს არის დემოკრატიული სტანდარტების და პოლიტიკური წესიერების ნორმების დაცვის საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები 30 ოქტომბერს, და მე ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობისგან. პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად მოდის ასევე დემოკრატიული წესების პატივისცემის პასუხისმგებლობაც. სრულყოფილი დემოკრატია გულისხმობს ოპოზიციის უფლებებს და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას მეორე ტურსა და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესახებ.

"ძლიერი დემოკრატიული ოპოზიცია აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. საქმე ეხება პლურალიზმს საქართველოში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებელია მისი ამომრჩეველის და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე, რათა იყოს ძლიერი ოპოზიცია და გააკონტროლოს მთავრობა", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, EPP-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა კიდევ ერთხელ გამოხატა ენმ-ის მიმართ მხარდაჭერა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევას საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გვერდით ვდგავართ კანონის უზენაესობის დაცვაში, მედიის პლურალიზმისთვის ბრძოლაში, და მის ძალისხმევაში, ებრძოლოს კორუფციას საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და წარმატებას პარტიის ყველა კანდიდატს", - წერს დოული.

კომენტარები