საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებების სერიას გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი გმობს მომხდარ ფაქტებს, ვინაიდან ამგვარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე მთლიანად რეგიონში.
"სამწუხაროდ, გრძელდება გატაცებების სერია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიოტირებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ასეთი შემთხვევა მოხდა. პრეზიდენტი გმობს შეიარაღებული დაჯგუფებებისა და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს. ასეთი მოქმედებები არათუ ხელს არ უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნის, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს, სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ცნობისათვის, საოკუპაციო ხაზიდან გუშინ - სოფელ კირბალის მკვიდრი ილია თაყაძე, რამდენიმე დღის წინ კი სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა რუსმა მესაზღვრეებმა გაიტაცეს.





