არჩევნები 2016

კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვაზე: ენმ-ის კამპანიაა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვას პარტიებისადმი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იაფფასიან კამპანიას" უწოდებს. როგორც ცნობილია, ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად რუსთავი 2-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერმინისტრის კომპეტენციები 2013 წელს. გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები