ნობელის ლაურეატები

ნობელის კომიტეტი ბობ დილანთან დაკავშირებას აღარ ცდილობს

getty images

ხუთი დღის წინ ბობ დილანი პირველი მუსიკოსი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მოიპოვა. ნობელის კომიტეტი მასთან დაკავშირებას ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. იგი საკუთარ ჯილდოს ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია.

იმ დღეს, როდესაც ბობ დილანს პრემია მიანიჭეს, იგი ლას-ვეგასში კონცერტს მართავდა, სადაც არაფერი უთქვამს ნობელის პრემიის შესახებ. მომდევნო დღეს კი დილანი კოაჩელას ფესტივალზე გამოდიოდა, სადაც კვლავ არაფერი უთქვამს ნობელის თაობაზე. ამაზე კომენტარი მხოლოდ The Rolling Stones-ის სოლისტმა გააკეთა, რომელიც ბობ დილანის შემდეგ გამოვიდა სცენაზე.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბობ დილანს არაჩვეულებრივი შესრულებისთვის. ჩვენ არასდროს ვმდგარვართ სცენაზე ნობელის პრემიის ლაურეატთან ერთად. ბობი ჩვენი უოლტ უიტმენია", - თქვა მიკ ჯაგერმა.

შვედეთის აკადემია ყოველი წლის ოქტომბერში აცხადებს ნობელის პრემიის ლაურეატებს, დეკემბერში კი დაჯილდოების ცერემონიალს მართავს.

კომენტარები