ნობელის ლაურეატები

აუნ სან სუ ჩის ოსლოში ნობელის პრემია გადასცეს

მიანმარის ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის დღეს ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. ნობელის პრემია ბირმის დემოკრატიის ლიდერს ჯერ კიდევ 1991 წელს მიენიჭა, როდესაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. გამოსვლაში სუ ჩიმ აღნიშნა, რომ 21 წლის წინ მიღებულმა ნობელის პრემიამ იგი დაარწმუნა - მსოფლიო დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერდა მხარს ბირმაში, რომელსაც სამხედოები განაგებდნენ.

24 წლის შემდეგ, ის პირველად მოგზაურობს ევროპაში - ამ ხნის მანძილზე ან შინაპატიმრობაში იყო, ან თავად ამბობდა უარს გამგზავრებაზე, რადგან შიშობდა, რომ მიანმარის მმართველი სამხედრო რეჟიმი უკან დაბრუნების საშუალებას აღარ მისცემდა. იგი 2010 წელს გაათავისუფლეს.

სუ ჩი ბირმას დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი 1988 წელს გახდა, როდესაც ქვეყანაში საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფი დედის მოსავლელად.

 

კომენტარები