სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ბოლქვაძე: ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა, სავარაუდოდ, სიძულვილით იყო მოტივირებული

იურისტი და „თანასწორობა 17-ის“ ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ გუშინ, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა სავარაუდოდ სიძულვილით იყო მოტივირებული.

„ადგილზე არის ნაპოვნი დიდი ზომის დანა, რომლითაც, სავარაუდოდ, დაჭრა ყელის არეში. გარდა ამისა, თავში ქვა ჩაარტყა და დაულეწა სახის ძვლები. იმისთვის, რომ თავდამსხმელს თავისი გაზრახვა მოეყვანა სისრულეში, ყელის გამოჭრა საკმარისი იყო. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ჰგავს, ამაზე მეტყველებს ის, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი“, - ამბობს ნინო ბოლქვაძე ტაბულასთან.

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას განუცხადეს, რომ პაციენტი პოლიტრავმით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება ამ დროისთვის არ საუბრობს.

კომენტარები