არჩევნები 2016

GPB TNS-ის ეგზიტპოლის მაღალ ცდომილებაზე: ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს. GPB აღნიშნავს, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. GPB-ის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე, უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის დაკვეთის თაობაზე. მაუწყებელი საქართველოში მაღალკვალიფიციური, სანდო და ზუსტი კვლევის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი, მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევითი ორგანიზაცია TNS შეირჩა. TNS ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა, მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები, რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ის მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS-მა აიღო.

ცესკო-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. სამეურვეო საბჭო აგრძელებს საკითხის შესწავლას და დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯებისა და საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე", - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

TNS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 53% მიიღო, ხოლო ენმ-მ - 19.5%. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი, ქართულ ოცნებას 48.68% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 27.11%. ამის გარდა, TNS-მა ეგზიტპოლი 10 მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა. მისი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილი, ვაკის ოლქში - ბიძინა გეგიძე, საბურთალოს ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი, ხოლო ზუგდიდის ოლქში - ედიშერ თოლორაია პირველივე ტურში იმარჯვებდნენ. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამ ოლქებში მეორე ტური ჩატარდება.

ეგზიტპოლი ოთხმა ტელევიზიამ (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, GDS, მაესტრო) TNS-ს დაუკვეთა. კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, საველე სამუშაოები კომპანია გორბმა ჩაატარა. ეგზიტპოლის ცდომილება 2%-ია, გამოკითხვა 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ამომრჩეველთა 9%-მა უარი თქვა საკუთარი არჩევანის დაფიქსირებაზე.

კომპანია GORBI, რომელმაც საარჩევნო დღეს ეგზიტპოლები ჩაატარა, მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. მას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს.

კომენტარები