არჩევნები 2016

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 8 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და აჩვენა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

"აშშ საქართველოს მოსახლეობას ულოცავს 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას, რომელმაც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩაიარა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ჩაიარა წესრიგის დაცვით, თუმცა ვწუხვართ, რომ დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტს. მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ამ ცალკეულ შემთხვევებს და მოვუწოდებთ, რომ ჩატარდეს ყველა ინციდენტის დეტალური და დაბალანსებული გამოძიება კანონის უზენაესობის დაცვით.

ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი პროცესისა, რომელიც მოიცავს ხმის მიცემის მეორე ტურს და ჩვენ მოვუწოდებ ყველა პარტიას და მათ მხარდამჭერს არჩევნებამდე პერიოდი მშვიდად და წყნარად გაიარონ. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კითხვები პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებით, მოახდინოს რეაგირება მშვიდობიანი გზითა და საქართველოს კანონის შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესებზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაზე.

აშშ მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მის მისწრაფებებს უწყობს ხელს", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები