საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 48.67%-ით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე 27.11%-ით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მესამეზე კი 5.1%-ით პატრიოტთა ალიანსი იმყოფება.
ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მეასედების სიზუსტით არის გამოქვეყნებული, ამ სახით გამოქვეყნებული პარტიათა პროცენტების ჯამი კი 100%-ს აღემატება და ის 100.02%-ს შეადგენს. ამ რიცვხთან დაკავშირებით ცესკომ დღეს განცხადება გააკეთა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგები მეასედების სიზუსტითაა გამოქვეყნებული, მათი დაჯამება კი არაკორექტულია.
"დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.
აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.
ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება" - წერია ცესკოს განცხადებაში.





