არჩევნები 2016

ბაქრაძე: ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ენმ ბრძოლას აგრძელებს. ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ენმ არ აპირებს იმ ნაბიჯების ადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პარტია გამოიყენებს ყველა კანონიერ მეთოდს.

"მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას და საქმიანობის შეწყვეტას, შექმნილი სიტუაცია ქმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას,რეალობას, სადაც ნაციონალური მოძრაობა აღარ არის მთავარი ოპოზოციური ძალა, სადაც ნაციონალური მოძრაობა ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ამ ქვეყანაში.

ამიტომ, ამ პოლიტიკურ რეალობაში, პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე, ნაციონალური მოძრაობის მომავალი და წარმატება განსაზღვრავს არამხოლოდ ამ პარტიის და მისი მხარდამჭერების მომავალს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი, არსებობდეს განხვავებული აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია. ამიტომ, მე და ჩვენი გუნდი ვაცხადებთ -  ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად" - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური ბრძოლის ფორმებს, ენმ-ის სიის პირველი ნომერი აღნიშნავს, რომ ეს უახლოეს დღეებში, პარტიის პოლიტსაბჭოს გამართვის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მავნე საერთო პერსპექტივისთვის და ამ ბრძოლის მომავლისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან სერიოზული ბრძოლის ახალ ეტაპზე, იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დაანონსებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილება, ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, გულის მოფხანვას და ამ ყველაფრით სინამდვილეში ხელისუფლების გაძლიერებას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანვას, არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენს გეგმებს წარმოგიდგებთ უახლოეს დღეებში, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს. კანონიერი პოლიტიკური მეთოდები მოიცავს როგორც საპროტესტო აქციებს, ასეევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ამომრჩეველთან, იმ ნახევარ მილიონ ადამიანთან ერთად, ვინც ხმა მოგვცა, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული. ბრძოლა გრძელდება და კონკრეტიკას მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც წესის მიხედვით, პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას" - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები