არჩევნები 2016

ომბუდსმენი: მარნეულში ადგილობრივები პოლიციის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ

სახალხო დამცველი მარნეულის ოლქის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ომბუდსმენის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიმართ "განსაკუთრებული აგრესიით" გამოირჩეოდა.

"როდესაც დაიძაბა ვითარება, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის მობილიზებისას, ჩვენმა წარმომადგენელმა პოლიციის ადგილზე მყოფ თანამშრომლებს რეაგირებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის. შედეგად დაზარალდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები.

მოვუწოდებ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ვითარების განმუხტვას და არ დაუშვან ძალადობის გამოვლინება.

ასევე მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ ძალადობის პრევენციისათვის და სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყონ ძალადობის თითეული ფაქტის აღკვეთა და დროული გამოძიება" - აცხადებს ომბუდსმენი.

მარნეულის ოლქის 48-ე უბანზე დაპირისპირება დაახლოებით ოთხი საათის წინ დაიწყო. მოქალაქეთა ჯგუფი საარჩევნო უბანზე შეჭრას ცდილობდა და ხელკეტებს იყენებდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი, სპეცრაზმი მივიდა.  

ამასთან, ქართული ოცნების მტკიცებით, არეულობა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტვივისტებმა მოაწყვეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ენმ და აცხადებს,რომ საარჩევნო უბანი ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს და ყუთი გაიტაცეს. შსს-ს ვერსიით კი, ყიზილ-აჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.

კომენტარები