ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 222 634 მოქალაქეა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ამავე დროისთვის აქტივობა 44.99% იყო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი 32.1%.
ყველაზე მაღალი აქტივობა ხობში(64-ე ოლქი) ფიქსირდება - 40.5%, ყველაზე დაბალი კი ქ. ზუგდიდში(65-ე ოლქი) - 26.9%.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, "ამ დროისათვის საერთო ჯამში ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში შეტანილია 46 საჩივარი, მათი უმრავლესობა დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა უყურადღებოდ იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ბიულეტენში №1. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც შეცდომა დაშვებულია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას. საუბნო საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა ხარვეზი და რეგისტრატორი ჩაანაცვლა სხვა კომისიის წევრი რეგისტრატორით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დიდუბის №14 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კომისიის მიერ წინასწარ, შეცდომით შევსებული ოქმი არის ამოღებული და გაუქმებულია მოხმარებისთვის; საუბნო საარჩევნო კომისიას ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა."





