არჩევნები 2016

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.81%-ია

ანა მიქელაძე
ცესკო

ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.81% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 695 908 მოქალაქეა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ამავე დროისთვის აქტივობა 25.88% იყო, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - 17.15%.

ამასთან, ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის გარკვეული პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა.

"დიდუბის #14 უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა, კომისიამ დაწერა ახსნა-განმარტება. აღნიშნულზე იმსჯელებს ზემდგომი საარჩევნო კომისია და მიიღებს გადაწყვეტილებას.

დიდუბის #8 უბანზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი, ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია - იქ ჩანაწერთა წიგნიცაა და სარეგისტრაციო ჟურნალიც.

სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესა სტამბაში მოხდა ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, ასეთი სულ 2 ბლოკნოტია. ეს ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა, ის ბიულეტენები, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და რომელიც გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს საკითხზე და კანონის თანახმად გაბათილდება", - თქვა მიქელაძემ.

კომენტარები