თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციის უარყოფას, რომ ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხვალ არჩევნებში ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემენ, გიგა ბოკერია არ იზიარებს. მისი თქმით, პარტიას უტყუარი ინფორმაცია თავად ოჯახებიდან აქვს.
"ძალიან კარგია, თუ გადაიფიქრეს ეს აბსოლუტურად მავნებლური და შეურაცხმყოფელი ბრძანება. წინასწარ მინდა, ვთქვა, რომ ეს არ დაიმალება. აქ ერთ და ორ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი. ეს იქნება დანაშაული და დიდი სირცხვილი. ამიტომაც მოვუწოდეთ, რომ ეს მძიმე შემთხვევა არ დაეშვათ.
რაც შეეხება პოლიციას, შეიძლება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისე, რომ ადამიანებს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ. თუ ამას შეასრულებენ - ანუ შეცვლიან იმ განზრახვას, რაც მათ ნამდვილად ჰქონდათ, ეს მთელს საქართველოს გვეცოდინება. გამოჩნდება, შეცვალეს ეს, თუ კიდევ ერთხელ მოიტყუეს", - თქვა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვალ ჯარისა და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება. "ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დარჩება საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ. იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებით, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე მათ დიდ ნაწილს გადაიყვანენ ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა", - თქვა ბოკერიამ ბრიფინგზე.




