არჩევნები 2016

უსუფაშვილი: დიახ, ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე

David Usufashvili Official/Fb.com

საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიმართა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები "უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში ტარდება".

"პატივცემულო მოქალაქეებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ჩვენ, მოქალაქეებმა, ხალხმა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მაგრამ მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარებაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთებამდე, ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ იმიტომ, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე. ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება, ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი, ამ პარტიის მხარდამჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი. ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც საკუთარი სინდისის და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ვიქნებით მართალი ერისა და ღვთის წინაშე", - თქვა უსუფაშვილმა.

ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00-ზე დაიხურება.

კომენტარები