ფარული ჩანაწერები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ახვლედიანის მხრიდან გვარამიასთვის მობოდიშება მიუღებელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებებს გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ, მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ თემაზე დღეს სპეციალური სხდომა გამართა. საბჭოს წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორთან საუბრის გამო სასამართლოს მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ კანონისა და სამოსამართლეო ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულეს. საბჭოს წევრები ჩანაწერების შინაარსზე, სადაც ახვლედიანი მოსამართლეების მიმართ ზეწოლაზე მიუთითებს, არ საურობენ, თუმცა ერთხმად აცხადებენ, რომ ახვლედიანის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო. დღევანდელ სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

საგანგებო სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოების, საერთო სასამართლოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსისადმი სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

"განხილვაში მყოფ საქმესთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან იმ სასამართლოს თავმჯდომარის ნებისმიერი კომუნიკაცია, სადაც აღნიშნული საქმე იხილება, ყოვლად დაუშვებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის პრინციპების, არამედ „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, არა მარტო სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ დაინტერესებული მხარის მხრიდანაც. მიუღებელია სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან დაინტერესებული მხარისათვის ერთგვარი მობოდიშება, რომ გავლენას ვერ ახდენს საქმის უშუალოდ განმხილველ მოსამართლეზე და მისი სხვა განცხადებები, რომელიც ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისადმი მხარეებისა და საზოგადოების ნდობას" - ნათქვამია განცხადებაში.

თავად მამუკა ახვლედიანი დღევანდელ სხდომას სასაცილოს უწოდებს. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავისუფალი სასამართლოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას უკანონო, ფარული აუდიო ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს კიბერდანაშაულის მუხლით იძიებს.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის თებერვალში გაათავისუფლა. ამას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით ახვლედიანის მრავალჯერადი კრიტიკა.

კომენტარები