არჩევნები 2016

შსს სპეცრაზმის მობილიზებაზე: უზრუნველვყოფთ მოქალაქეების უსაფრთხოებას

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო კანცელარიასთან სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შსს კანონის თანახმად უზრუნველყოფს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას. ცნობისთვის, ექსკლუზივი TV-მ გაავრცელა კადრები, რომლის მიხედვითაც, კანცელარიაში სპეცრაზმის თანამშრომლები წუხელ, ღამის საათებში მიიყვანეს. გარდა ამისა, ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში ინგოროყვას ქუჩაზე, კანცელარიასთან ახლოს ათამდე ავტობუსი დგას, რომელშიც შავტანსაცმლიანი პირები, სავარაუდოდ, სპეცრაზმის თანამშრომლები სხედან.

"ორი დღის წინ შსს-ში იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად.

აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს" - განუცხადეს ტაბულას შსს-ში.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელი აქცია ვარდების მოედანზე 16:00-ზე დაიწყება.

კომენტარები