გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

პრეზიდენტმა ტერაქტის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ენმ-ის წევრ გივი თარგამაძეზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.

"ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა. მადლობა ვუთხარი პერსონალს, ასე ყურადღებით რომ მკურნალობენ ავადმყოფებს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო სამართალდამცველებს: ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს. და რის შედეგადაც ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, წვანან საავადმყოფოებში მძიმე ჭრილობებით. ეს ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ, გაორმაგებულად იმუშავოთ, თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები